თანამშრომლის სახელმძღვანელო (შრომის შინაგანაწესი) არის დოკუმენტი, სადაც თავმოყრილია ინფორმაცია თანამშრომელთა ქცევის ზოგადი წესების, ინსტრუქციების, კომპანიის პოლიტიკისა და პროცედურების შესახებ. ყველა კომპანიას, მიუხედავად მისი ტიპისა და სიდიდისა, სჭირდება აღნიშნული დოკუმენტი, რადგან ის კომპანიასა და თანამშრომლებს შორის ურთიერთობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა.
თანამშრომლის სახელმძღვანელო (შრომის შინაგანაწესი), ერთი მხრივ, ეხმარება ორგანიზაციებს, რომ სრულყოფილად აღწერონ სამუშაო პირობები და კომპანიის ღირებულებები, ასევე - მიაწოდონ ინფორმაცია დასაქმებულებს; ხოლო, მეორე მხრივ, თანამშრომლებისთვის წარმოადგენს კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღების, საკუთარი უფლებების, მოვალეობებისა და პასუხისმგებლობების გაცნობიერების საუკეთესო საშუალებას.
თანამშრომლის სახელმძღვანელო (შრომის შინაგანაწესი) ყოველთვის შესაბამისობაში უნდა იყოს კომპანიის მიზნებთან, ღირებულებებთან და შრომით კანონმდებლობასთან. სასურველია, რომ აღნიშნული დოკუმენტი წელიწადში ერთხელ გადაიხედოს და საჭირო ინფორმაციით განახლდეს.
თანამშრომლის სახელმძღვანელოს (შრომის შინაგანაწესის) შინაარსი განსხვავებულია სხვადასხვა ტიპისა და სიდიდის ორგანიზაციებისთვის. ზოგი კომპანია უფრო მეტ ყურადღებას აქცევს ორგანიზაციის კულტურასა და ღირებულებებს, ზოგი - შრომით ურთიერთობებს. ასევე განსხვავებულია აღნიშნული დოკუმენტის ფორმაც. ბოლო პერიოდში ბევრი ცნობილი კომპანია ცდილობს, თანამშრომლის სახელმძღვანელოს ტრადიციული „ვორდის“ დოკუმენტი სხვადასხვა შემოქმედებითი გადაწყვეტილებით ჩაანაცვლოს.
მიუხედავად იმისა, თუ რა ტიპის, ფორმისა და შინაარსის იქნება თანამშრომლის სახელმძღვანელო (შრომის შინაგანაწესი), ის შეიძლება მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:
თუმცა, რა თქმა უნდა, კომპანიის საჭიროებებიდან გამომდინარე, აღნიშნული ჩამონათვალი შესაძლოა შეიცვალოს (შემცირდეს ან დაემატოს სხვა ინფორმაცია).
დანართის სახით: თანამშრომლის სახელმძღვანელო (შრომის შინაგანაწესი) და საქართველოს შრომის კოდექსი
საქართველოს შრომის კოდექსში ზემოთ აღნიშნული დოკუმენტი გვხდება, როგორც „შრომის შინაგანაწესი“, რომელიც შეგვიძლია განვსაზღვროთ შრომითი ხელშეკრულების ნაწილად. კერძოდ, „შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს, რომ შრომის შინაგანაწესი ხელშეკრულების ნაწილია. ამ შემთხვევაში დამსაქმებელი ვალდებულია პირს შრომითი ხელშეკრულების დადებამდე გააცნოს შრომის შინაგანაწესი (ასეთის არსებობის შემთხვევაში), ხოლო შემდგომ – მასში შეტანილი ნებისმიერი ცვლილება“.
ასევე შრომის კოდექსით არის განსაზღვრული შემდეგი:
„მუხლი 13. შრომის შინაგანაწესი
ა) სამუშაო კვირის ხანგრძლივობა, ყოველდღიური სამუშაოს დაწყებისა და დამთავრების დრო, ცვლაში მუშაობისას – ცვლის ხანგრძლივობა;
ბ) დასვენების ხანგრძლივობა;
გ) შრომის ანაზღაურების გაცემის დრო, ადგილი და წესი;
დ) ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;
ე) ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძლივობა და მიცემის წესი;
ვ) შრომის პირობების დაცვის წესები;
ზ) წახალისებისა და პასუხისმგებლობის სახე და გამოყენების წესი;
თ) განცხადების/საჩივრის განხილვის წესი.
ანუ თუ კომპანია განსაზღვრავს, რომ თანამშრომლის სახელმძღვანელო (შრომის შინაგანაწესი) ხელშეკრულების ნაწილია, აღნიშნული დოკუმენტი უნდა მოიცავდეს საქართველოს შრომის კოდექსის მე-13 მუხლით განსაზღვრულ ინფორმაციასაც.